ძილი
ბავშვის ძილი
ძილი — მაღალგანვითარებული ორგანიზმის პერიოდული ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რომელსაც განსაზღვრავს თავის ტვინის მთელი რიგი სტრუქტურების კოორდინაციული მოქმედება. გარეგნულად ხასიათდება უმოძრაობით და გარესამყაროს გამღიზიანებლებისგან გამოთიშვით. ადამიანის ძილის დროს დათრგუნულია შეგნებული ფსიქოლოგიური აქტივობა, რომელიც პერიოდულად აღდგება სიზმრის დროს.
ძილი ელექტროფიზიოლოგიურად ჰეტეროგენულია, რაც განისაზღვრება თავის ტვინის ელექტრული აქტივობის სხვდადასხვაობით. ძილ-ღვიძილის ციკლი მოიცავს ღვიძილს, თვლემას, ზედაპირულ ნელ (ფხიზელ) ძილს, ღრმა ნელ ძილსა და პარადოქსულ (სწრაფ) ძილს. ემოციული დაძაბულობა თვლემისა და ნელი ძილის დროს დაბალია, ღვიძილისა და პარადოქსული ძილის დროს კი – მაღალი. ღვიძილისას ემოციურ დაძაბულობას განსაზღვრავს გარემოს გამღიძიანებელთა ზემოქმედება, პარადოქსული ძილის დროს კი იგი დაკავშირებულია სიზმართან. შესაბამისად განსხვავდება ტვინის ელექტრული აქტივობაც. თვლემისა და ნელი ძილის დროს ჭარბობს დაბალი სიხშირის, მაღალამპლიტუდიანი რხევები (სინქრონიზაცია), ღვიძილისა და პარადოქსული ძილის დროს – მაღალი სიხშირის დაბალამპლიტუდიანი რხევები (დესინქრონიზაცია), რასაც თან ახლავს გარკვეული ვეგეტატიური ძვრები. ეს მოვლენა კატებში პირველად დააგინა ქართველმა ფიზიოლოგმა ლ. ცქიფურიძემ 1950 წელს; შემდგომში იგივე დადასტურდა უცხოელ მეცნიერთა შრომებშიც.
ძილის მექანიზმები
ძილს უზრუნველყოფს ნერვულ სისტემათა დაქსაქსული სისტემა, რომელშიც ტვინის ყველა დონე მონაწილეობს. მაგალითად, ნელი ძილის განვითარებაზე პასუხისმგებელი ე.წ. მასინქრონიზებელი მექანიზმები შუა და შუამდებარე ტვინის, ნაწილობრივ წინა ტვინის ორბიტაბაზალური უბნის დონეზე მდებარეობს. სწრაფ პარადოქსულ ძილზე და მის რეგულაციაზე პასუხისმგებელი მექანიზმები მოთავსებულია ვაროლის ხიდის ბადებრიც ფორმაციასა და ლიმბური სისტემის ემოციოგენურ სტრუქტურებში. ძილის ფაზების აღმოცენება დამოკიდებულია აგრეთვე თავის ტვინში წარმოქმნილ ქიმიურ მედიატორებზე. შესაბამისად განასხვავებენ სეროტონინერგულ ნორადრენერგულ სისტემებს. ძილის მარეგულირებელი მექანიზმების საშუალებით ძილზე გავლენას ახდენს ტვინის სხვადასხვა უბნიდან და საკუთრივ ორგანიზმიდან, ასევე გარემოდან მოსული სიგნალები. ეს მექანიზმები უზრუნველყოფენ საარსებო პირობებთან შეგუებითი ქცევის გამომუშავებას.
ძილის თეორიები
ადრინდელი თეორიები ძილს განიხილავდნენ როგორც ტვინის ნერვული უჯრედების (ნეირონების) აქტივობაში შესვენების პერიოდს. ასეთებია: ძილის წარმოშობის ტოქსიკური თეორია, რომლის თანახმადაც, ღვიძილს თან ახლავს ორგანიზმში ჰიპნოტოქსინების დაგროვება, რომლებიც ტვინის უჯრედებს წამლავენ და ძილს იწვევენ. ძილში ორგანიზმი თავისუფლდება ამ პროდუქტებისგან. ი. პავლოვის თეორიის მიხედვით, ძილი შინაგანი შეკავებაა და გაპირობებულია თავის ტვინის დიდი ნახევარსეფროების ქერქის და ქერქქვეშა სტრუქტურების ნეირონთა შეკავებით, რომლებიც აღმოცენდება ქერქის ზოგიერთ უბანში და ვრცელდება მთელ ქერქში. მოგვიანებით ცალკეულ ნეირონთა შესწავლამ ცხადყო, რომ ძილი დაკავშირებულია მათი მოქმედების გარდაქმნასთან და არა დათრგუნვასთან.
XX საუკუნის თეორიები
XX საუკუნის 20-იან წლებში წამოაყენეს თეორია, რომელიც ძილისა და ღვიძილის მონაცვლეობას ხსნიდა შუამდებარე ტვინის სტრუქტურებში (ჰიპოთალამუსი, მხედველობის ბორცვები) არსებული სპეციალური ცენტრის მოქმედებით (ავსტრიელი მეცნიერი კ. ეკონომო) . ძილის ცენტრის თეორია თანამედროვე გამოკვლევების საყრდენად იქცა, რადგან მასში ხაზგასმულია თვის ტვინის განყოფილებების განსხვავებული მონაწილეობა ძილის აღმოცენებაში. შემდგომმა გამოკვლევებმა (ბელგიელი ფ. ბრემერი, ამერიკელი ჰ. მეგონი, იტალიელი ჯ. მორუცი) გამოააშკარავეს ტვინის ღეროს ბადებრივი ფორმაციის როლი ღვიძილის შენარჩუნებაში. ეს გამოკვლევები საფუძვლად დაედო თეორიას, რომელიც ძილის განვითარებას ხსნის ქერქზე ბადებრივი ფორმაციის აღმავალი გამააქტივებელი გავლენის შეკავებით. მეორე მხრივ, ძილის განვითარებაზე უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭება ე.წ. სომნოგენური მექანიზმების აქტივობას. ეს თეორიები განიხილავდნენ ძირს, როგორც დასვენების და ნეირონთა შეკავების პერიოდს, რომელიც აუცილებელია ღვიძილისას დახარჯული ენერგიის აღსადგენად. ტვინის ნეირონების აქტივობისა და ზოგიერთი ენერგეტიკული მაჩვენებლის გამოკვლევის შედეგები ეწინააღმდეგება ასეთ შეფასებას. 60-70-იან წლებში ჩამოყალიბდა ორი ძირითადი შეხედულება – ინფორმაციული და ჰომესტაზური. ინფორმაციული თეორიის თანახმად, ძილი დაკავშირებულია ღვიძილისას მიღებული ინფორმაციის გადამუშავებასთან. ძილში ხდება მისი შეფასება, ცნობების შერჩევა და ხანგრძლივ მეხსიერებაში გადაყვანა, რის შედეგადაც უმჯობესდება ტვინის პროგრამები, ემოციური სტრესისაგან დამცველი ფსიქოლოგიური მექანიზმები. ჰომეოსტაზური თეორიის მომხრენი ძილს უკავშირებენ ტვინში მიმდინარე ცვლილებებსა და ნუკლეინის მჟავების ბიოსინთეზს და მიიჩნევენ, რომ ძილის ძირითადი ფუნქციაა ტვინის ჰომეოსტაზის რეგულაცია. მათი აზრით, ძილი ზოგადი ნეირობიოლოგიური მოვლენაა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა თავის ტვინის და, შესაბამისად, მთელი ორგანიზმის ჰომეოსტაზის რეგულირება. ძილის ფაზების მოწესრიგებულობასთან უნდა იყოს დაკავშირებული აგრეთვე დასწავლა და მეხსიერება.
ძილის დარღვევა
ძილის დარღვევა ვლინდება ძილის პერიოდის შემოკლებაში ან მის ავადმყოფურ გახანგრძლივებაში. ძილის დროის შემოკლებას (უძილობა) დაერთვის ძილის თვისობრივი დარღვევები, გაძნელებული დაძინება, მოუსვენარი ზერელე ძილი, მკვეთრი (ზოგჯერ კოშმარული) სიზმრები, ნაადრევი გაღვიძება და გაღვიძებისას დაღლილობის გრძნობა. სპეციალური გამოკვლევებით, რომლის დროსაც იყენებდნენ თავის ტვინის მოქმედების გრაფიკული რეგისტრაციის თანამედროვე მეთოდებს, დადგინდა, რომ აბსოლუტური უძილობა არ არსებობს და რომ ავადმყოფებს მაინც სძინავთ გარკვეული დროის განმავლობაში. ძილის დარღვევის ეს სახე არ არის დამოუკიდებელი დაავადება; ის სხვადასხვა მიზეზის, უფრო ხშირად ნევროზის შედეგია (იხილეთ უძილობა).
ძილის პერიოდის ავადმყოფური გახანგრძლივება ანუ ჰიპერსომნია დამახასიათებელია პათოლოგიური მდგომარეობის გარკვეული ჯგუფისთვის; ყველაზე ხშირია ნარკოლეფსია, რომლის დროსაც აღინიშნება ძილიანობის დაუძლეველი შეტევები, დაძინებისას საშიში სიზმრები და ღამით მოუსვენარი ძილი. ე.წ. პიკვიკის სინდრომის (გულ-ფილტვების უკმარისობა მეტისმეტი სიმსუქმნის დროს) შემთხვევაში დღისით გამუდმებულ ძილიანობას ღამით ძილის დარღვევა ენაცვლება. ლეთარგიის დროს ავადმყოფებს საათების, ზოგჯერ მრავალი დღის მანძილზე სძინავთ ისე, რომ მათი გაღვიძება შეუძლებელია, ან თვითონ ეღვიძებათ მხოლოდ თავიანთი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
მკურნალობა
მკურნალობა დამოკიდებულია ძილის დარღვევის მიზეზებზე. აუცილებელია შრომისა და დასვენების სწორი რეჟიმის დაცვა: იყენებენ ფსიქოტროპულ საშუალებებს, ფსიქოთერაპიას, საძილე საშუალებებს (მხოლოდ ექიმის დანიშნულებით). ნარკოლეფსიის დროს იყენებენ ტვინის მოქმედების გამააქტივებელ პრეპარატებს. პიკვიკის სინდრომის ძირითადი მკურნალობაა გახდომა. ლეთარგიის დროს ტვინის ორგანული დაზიანების გამო მკურნალობენ სათანადო დაავებას.
Комментариев нет:
Отправить комментарий