воскресенье, 3 января 2021 г.

ბიზნესის მართვის ფილოსოფია

 

ბიზნესის მართვის ფილოსოფია

ამონარიდი ძალიან კარგი წიგნიდან : გ.შუბლაძე,    ბ.მღებრიშვილი,    ფ.წოწკოლაური . მენეჯმენტის  საფუძვლები .საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი».თბილისი 2008 

მენეჯმენტს  ეკონომიკურად  განვითარებულ  ქვეყნებში   ხმარობენ   ბიზნესთან ერთად. ბიზნესი  (Business _ ქართულად საქმე) მოგების მიზნით განხორციელებული საქმიანობაა, ძირითადად  პროდუქციის წარმოების  და  გასაღების  გზით.  მაგრამ  საბაზრო ეკონომიკის დროს იგი იჭრება  ადამიანთა ცხოვრების ყველა სფეროში დაწყებული მრეწველობიდან დამთავრებული მეცნიერების  სფეროთი.

ბიზნესის სფეროში მოქმედი საწარმოების (ორგანიზაციების) მუშაობა წარმოუდგენელია მენეჯმენტის გარეშე. ამიტომ მენეჯმენტს სავსებით მართებულია

ვუწოდოთ ბიზნესის მართვის ფილოსოფია. ბიზნესის მთვარი სუბიექტია ბიზნესმენი (ინგლისურად  _  საქმიანი  ადამიანი  და  არა  საქმოსანი  როგორც  ხშირად  იხმარება).  იგი ქონების, კაპიტალის მფლობელია, მესაკუთრეა, რომელიც საკუთარ ფირმაში (კომპანიაში) სამუშაოდ კონტრაქტის წესით იწვევს (ქირაობს) სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, მათ შორის მენეჯერებს. ბიზნესმენი, როგორც განსაზღვრული აქციების მფლობელი, შეიძლება აირჩიონ სააქციო (აქციონერული) საზოგადოების გამგეობის წევრად და მას ფირმაში მუდმივი ხელმძღვანელი  თანამდებობა  არ  ეკავოს.  ბიზნესმენობა მდგომარეობაა და  არა  სპეციალობა.  ზოგიერთო  უმაღლესი სასწავლებლის მიერ განცხადების გამოქვეყნება ბიზნესმენის მომზადების თაობაზე მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს.

ბიზნესის რამდენადმე კერძო შემთხვევაა _ მეწარმეობა. საქმიანობის ეს სახეობა უშუალოდ უკავშირდება ადამიანის _ მეწარმის პიროვნებას, რომელიც ახორციელებს ბიზნესს, იწყებს რა ახალ საქმეს მოგების მიღების მიზნით საკუთარი სახსრებისა და პირადი რისკის საფუძველზე. მეწარმეობა  ბიზნესთან  შედარებით  მცირე  მასშტაბისაა  და ინგლისურენოვან ქვეყნებში იგი გაიგივებულია ახალ წვრილ (მცირე) ბიზნესთან. მეწარმეებს ახასიათებთ ინოვაციური  აზროვნების  უნარი,  სიახლის  გრძნობა  და თვითონ წარმართავენ თავიანთ საქმეს. მაგრამ საქმიანობის მასშტაბების გაზრდის კვალობაზე მეწარმეები მართვის ფუნქციებს გადასცემენ მენეჯერებს. საინტერესოა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორის პ. დრუკერის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ყველა ახალი წვრილი ბიზნესი არ არის მეწარმეობრივი და მეწარმეობის პრინციპები ფართოდ გამოიყენება მსხვილ და ძველ საწარმოებშიც. მეწარმეობისათვის არსებითია ის, რომ იგი ინოვაციური ბიზნესია, რაც განაპირობებს ახალი მომხმარებლის, ახალი ბაზრის შექმნას. [20, გვ. 30-31].

ბიზნესი უფრო ფართო ცნებაა  ვიდრე  მეწარმეობა,  რამდენადაც  ბიზნესს მიეკუთვნება ნებისმიერი როგორც ერთჯერადი, ასევე მრავალჯერადი კომერციული გარიგებების (ბიზნეს-ოპერაციების) განხორციელება საქმიანობის ნებისმიერ სფეროში. თანამედროვე გაგებით კომერცია ნიშნავს არა მარტო ვაჭრობას, არამედ ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც მიმართულია მოგების მისაღებად. (მაგალითად, კომერციული ბანკები და სხვა.).

ბიზნესის სფეროში მენეჯმენტის საბოლოო მიზანია მომგებიანობის ანუ შემოსავლიანობის უზრუნველყოფა ფირმის  საქმიანობაში  სამეურნეო  პროცესის (მართვის  და  მატერიალურ-ტექნიკური  ბაზის  ჩათვლით)  რაციონალური  ორგანიზაციის გზით, აგრეთვე, პერსონალის ეფექტიანი  გამოყენება  თითოეული  მუშაკის კვალიფიკაციის, შემოქმედებითი აქტივობის ამაღლების პირობებში.

ფირმის მომგებიანობა (რენტაბელობა) მიუთითებს მისი საწარმოო-გასაღებითი საქმიანობის ეფექტიანობაზე, რომელიც მიიღწევა დანახარჯების (მატერიალური, შრომითი, ფინანსური) მინიმიზაციისა და საქმიანობის (პროდუქციის გამოშვებისა და მომსახურების) შედეგებიდან შემოსავლების მაქსიმიზაციის გზით. მენეჯმენტი ქმნის პირობებს ფირმის წარმატებით ფუნქციონირებისათვის, იმის გათვალისწინებით, რომ მოგება  ფირმის  არსებობის  არა  მიზეზი,  არამედ  მისი  საქმიანობის  შედეგია,  რომელსაც საბოლოოდ განსაზღვრავს ბაზარი. მოგება იძლევა ფირმის შემდგომი განვითარების გარანტიას,  რამდენადაც  მხოლოდ  მოგება  განაპირობებს  ბიზნესში რისკის შემცირებასა და დაძლევას. მენეჯმენტის ამოცანაა სარისკო სიტუაციების გადალახვა აწმყოსა და მომავალში, რისთვისაც საჭიროა გარკვეული  სარეზერვო  ფულადი სახსრების არსებობა და მენეჯერებისათვის მოქმედების გარკვეულითავისუფლების  მინიჭება  ცვალებად  გარემოში    სწრაფი რეაგირებისა და ადაპტირების მიზნით.

მენეჯმენტისათვის დამახასიათებელი ნიშნები მოიცავს ეკონომიკურ, სოციალურ- ფსიქოლოგიურ,  სამართლებრივ  (იურიდიულ)  და  ორგანიზაციულ-ტექნიკურ ასპექტებს. ეკონომიკური ასპექტი გულისხმობს ბიზნესის მართვის პროცესს, რომლის დროსაც მიიღწევა მატერიალური და შრომითი რესურსების კოორდინირება, რაც აუცილებელია მიზნების ეფექტიანი მიღწევისათვის.  სოციალურ-ფსიქოლოგიური ასპექტი ახასიათებს ფირმის მთელი პერსონალის ძალისხმევის ორგანიზაციისა და მენეჯერთა განსაკუთრებული ჯგუფის საქმიანობას დასახული მიზნების მისაღწევად. ამაში შედის ძალაუფლების სისტემა, რომლის მეშვეობითაც რეგულირდება ურთიერთობები მენეჯერსა და ხელქვეითებს შორის აგრეთვე, სოციალური ფუნქცია, რომელშიც აისახება საზოგადოების კულტურის  დონე,  მისი  ტრადიციები, ფასეულობები, ჩვევები.

რაც შეეხება მენეჯმენტის იურიდიულ ასპექტს, იგი ასახავს სახელმწიფო, პოლიტიკური  და  ეკონომიკური  ინსტიტუტების  სტრუქტურას,  მათ   მიერ გასატარებელ პოლიტიკას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ორგანიზაციულ- ტექნიკური ასპექტი მოიცავს სიტუაციის რაციონალურ შეფასებას და მიზნების სისტემატიზებას, სტრატეგიის თანმიმდევრულ დამუშავებას ამ მიზნების მისაღწევად, საჭირო რესურსების მოწესრიგებას, ორგანიზებას, მოტივაციასა და კონტროლს.

ეფექტიანი მენეჯმენტი გულისხმობს მართვის პროცესის ყველა სახის და სტადიის როგორც მართვის ეკონომიკური, ორგანიზაციულ-ტექნიკური და სოციალურ- ფსიქოლოგიური ასპექტების მთლიანობას.

მენეჯმენტში ფართოდ გამოიყენება ისეთი ცნება, როგორიცაა «რაციონალური სტრუქტურა». ასეთ სტრუქტურაში გულისხმობენ  საბაზრო  ურთიერთობათა სუბიექტებს, კერძოდ, იმ ორგანიზაციულ-სამეურნეო ერთეულებს,  რომელთა საქმიანობის მიზანია მოგების, როგორც  საქმიანობის  საბოლოო  შედეგის  მიღება.  ამასთან დაკავშირებით გამოყოფენ ეკონომიკური სუბიექტების ოთხ კატეგორიას: ფირმები, ბანკები, სადაზღვევო და სატრანსპორტო კომპანიები, საინვესტიციო სტრუქტურები.

ფირმებს აკუთვნებენ ბიზნესის ძირითად სუბიექტებს, ხოლო დანარჩენს _ მის მომსახურე სფეროს, რომელიც მოიცავს როგორც ეროვნულ ბაზრებს, ისე მსოფლიო ბაზარს. ფირმა, როგორც ორგანიზაციულ-სამეურნეო  ერთეული,  თავის  შემადგენლობაში აერთიანებს ერთ ან რამდენიმე საწარმოს, რომლებიც  ეწევიან წარმოებისა  და  მომსახურების  კონკრეტულ  საქმიანობას,  და  ფუნქციურ ქვედანაყოფებს, რომლებიც ახორციელებენ მმართველობით  საქმიანობას.  ფირმის ცნებაში იგულისხმება ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამეურნეო ერთეული,  რომელიც ეწევა ბიზნესს  მრეწველობის,  მშენებლობის,  ტრანსპორტის,  ვაჭრობის  სფეროში, გააჩნია კომერციული მიზანი და სარგებლობს იურიდიული პირის უფლებებით. მენეჯმენტში ფირმის აღსანიშნავად იხმარება ტერმინი «ორგანიზაცია». საწარმოდ ითვლება სამეურნეო ერთეული, რომელიც წარმოადგენს მატერიალური და ადამიანისეული რესურსების ერთობლიობას კონკრეტული მიზნების მისაღწევად.

ბიზნესის სფეროში იურიდიულ პირად ითვლება ქონებრივი უფლებებისა და მოვალეობების მატარებელი სამეურნეო ერთეული. იგი  სამეურნეო  საქმიანობაში გამოდის თავისი სახელით და ქონებრივად პასუხს აგებს ნაკისრ ვალდებულებებზე. იურიდიული პირის ქონება გამოცალკევებულია  მისი  წევრების  პირადი  საკუთრებისაგან. ფიზიკური პირებია ინდივიდუალური მეწარმეები (ბიზნესმენები),

რომელთა უფლებრივი მდგომარეობა რეგულირდება შესაბამისი კანონებით. ბიზნესი, რომელიც ხორციელდება ფიზიკური პირების მიერ, განეკუთვნება ინდივიდუალურ (ერთპიროვნულ) საქმიანობას, იურიდიული პირები კი ეწევიან კოლექტიურ ბიზნესს. ორივე ფორმა ეფუძნება როგორც ბიზნესის სუბიექტების კუთვნილი კაპიტალისა და ქონების საკუთრებას, ისე გარედან მოზიდულ ფინანსურ საშუალებებს.

თანამედროვე მენეჯმენტს განიხილავენ როგორც მართვის მეცნიერებასა  და  პრაქტიკას, როგორც ფირმის მართვის ორგანიზაციას და როგორც მმართველობითი გადაწყვეტილებათა მიღების პროცესს. ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ის, რომ მეცნიერთა ერთი ნაწილი მარკეტინგს განმარტავს, როგორც საწარმოების (ფირმების) მართვის სისტემას, ე.ი. მარკეტინგს აიგივებენ მენეჯმენტთან, რაც არ არის სწორი. მენეჯმენტი გაცილებით ფართო ცნებაა, ვიდრე მარკეტინგი. მენეჯმენტი  მოიცავს  ფირმის საქმიანობის ყველა მიმართულების  _  წარმოების,  გასაღების,  ფინანსების  და ა.შ., მათ შორის მარკეტინგული საქმიანობის მართვასაც. ამიტომ «მარკეტინგის საფუძვლების» შესწავლა სტუდენტების მიერ ერთი სემესტრით მაინც წინ უნდა უსწრებდეს «მენეჯმენტის საფუძვლების» შესწავლას.

Комментариев нет:

Отправить комментарий